logo
ENG



მიწა 10 თეთრად, 9 საცხოვრებელი ბინა - კახა ბექაურის მზარდი ქონება

06 ივნ 202020:38
3 წუთის საკითხავი
 

9 საცხოვრებელი ბინა დედაქალაქსა და საკურორტო ზონებში. 68 ათასი კვადრატული მეტრის მიწა - ეს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის ოჯახური ქონების მხოლოდ ნაწილია კახა ბექაურის ბოლო დეკლარაციიდან, რომელიც რამდენიმე დღის წინ შეავსო.

ირკვევა, რომ ის წინასთან შედარებით კიდევ უფრო მოცულობითია.  მისი რამდენიმემილიონიანი ქონების ჩამონათვალი კი ბოლო 5-6 წელია ყოველწლიურად მზარდია. 

კახა ბექაურის და მისი მეუღლის საკუთრებაშია 6 ბინა თბილისში და 3 - ბათუმში, ბაკურიანსა და დუშეთში. ჯამში ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, ამ უძრავი ქონების ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტია. 107 ათას ლარად ნაყიდი 100 კვადრატული ბინა ლისზე სარდაფით  - ბექაურის ცოლის სახელზეა. ეკატერინე ბერიძის სახელზეა კიდევ ორი ბინა სოლოლაკში – ერთი 70 ათას დოლარად, მეორე კი 99 ათას დოლარად შეძენილი. ორივე შენაძენი ახალია და წლევანდელ დეკლარაციაში გაჩნდა. კახა ბექაურს ეკუთვნის 180 კვადრატული ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ უბანში, თაბუკაშვილის ქუჩაზე. 2018 წელს მასში 174 000 დოლარი გადაიხადა. 

კახა ბექაურის და მისი მეუღლის წლიური ანაზღაურება, ჯამში, ნახევარი მილიონი ლარია. ეკატერინე ბერიძე საქართველოს წყლის კომპანიაში კომუნიკაციების დირექტორია და მისი წლიური სახელფასო ანაზღაურება დაახლოებით 300 ათასი ლარია. აქვთ ბიზნესი. ბექაური სუპერმარკეტების ქსელ  „ორი ნაბიჯის" 33%-იანი წილის მფლობელია. კომპანია 2009 წლიდან არსებობს, თუმცა ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, წლების განმავლობაში შემოსავლების გრაფა ცარიელი იყო. ბოლო ორი წელია ბიზნესი მნიშვნელოვნად გააფართოვა, დღეისთვის 100-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს აერთიანებს და ბოლო დეკლარაციის მიხედვით, ბექაურმა 670-ათასლარიანი შემოსავალიც მიიღო.

საბანკო მონაცემების მიხედვით, კახა ბექაურს ნახევარ მილიონდოლარიანი დეპოზიტი უფიქსირდება. მას და მის მეუღლეს აქვთ რამდენიმე ფინანსური ვალდებულებაც - 4 მრავალწლიანი იპოთეკური სესხი. 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე გვიდასტურებს, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული და მაღალანაზღაურებადი ორგანოა. მაღალი ხელფასი ამ ინსტიტუტს კორუფციის რისკისგან იცავს. თუმცა სულხან სალაძეა ერთ-ერთი, ვინც ამ ხარჯის გადახედვის საკითხს აყენებს. ამბობს, რომ მაშინ, როცა პროფესიონალიზმი და კეთილსინდისიერება კომისიის წევრობისთვის საკმარისი არ არის, ეს გათვლა უბრალოდ აზრს კარგავს. 

შეგახსენებთ, რომ კახა ბექაური ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს სხვადასხვა მედიასაშუალებაში ხელმძღვანელი პირის თანამდებობას იკავებდა. მისი კარიერა  შემდეგაც მედიასფეროში გაგრძელდა და ის ბიძინა ივანიშვილის მეცხრე არხის დირექტორი იყო. მოგვიანებით ის მარეგულირებელ კომისიაში დაინიშნა და უკვე ექვსი წელია იქ მუშაობს. ქონების დიდი ნაწილი სწორედ ამ წლებს უკავშირდება. 


close დახურვა